მერაბიშვილის ფანები
დიდი ხანი არ არის, რაც ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებს მივეძალეთ; თუმცა, ბუნებრივია, რომ ინფორმაციის სწრაფი გაცვლის და დისტანციური კომუნიკაციის კომფორტული საშუალებების აღმოჩენა, თავისთავად, არაფრის გარანტიას იძლევა. თან, საშუალებაცაა და საშუალებაც: თუ გავითვალისწინებთ, რომ ნეტი ქართველთა უმრავლესობისთვის ძირითადად მირკის შემცვლელი სკაიპით ან “ტოჩკა-რუს” გავლით აღმოჩენილ თანაკლასელებთან და იმავე ქალაქში (თუ გვერდზე ოთახში არა) კლავიატურაზე მოკაკუნე თანამშრომლებთან ჭორაობისთვის განკუთვნილი თავისუფალი სივრცეა, გასაკვირი არაფერია. საგანმანათლებლო პროგრამების “ჩავარდნებს” ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და კომპიუტერიზაცია ვერაფერს უშველის, რადგან ჩავარდნა თანამედროვე საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების ნაკლებობით კი არა, სკოლაში გამეფებული სიბნელით იწყება. მომავალი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის ანალიტიკური და სამოქალაქო პოტენციაც იქ კვდება.
ჯინეტი რუსული სივრციდან კალკირებული სოციალური ქსელებისა თუ ვარეზული საიტების ნავსაყუდლად იქცა. ამ ნავსაყუდელში ქართული ბეჭდვითი პრესის და საინფორმაციო სააგენტოების საიტებიც შემოვიდნენ, ამან კი ქართული ვირტუალური სივრცე ჩვეულ, მასობრივ საინფორმაციო სივრცეს ხარისხობრივად გაუტოლა და მის ორგანულ ნაწილად აქცია. ამის კანონზომიერება სრულიად გაცნობიერებული მაქვს, მაგრამ უნდა ვაღიარო: ჩემს ეკრანზე აღიღინებული ‘ასავალ-დასავალის’ საიტი მიდიანში უდროოდ აელვებული მაყვლოვანივითაა – უტოპიას გინგრევს… ასე მაბრუნებს მეც ქართული ინტერნეტი სოციოპათთა ჯგუფებით გაჯერებულ რეალობაში. კაცმა რომ თქვას, რაღაც თვალსაზრისით, ეს ქართული ინტერნეტ-სივრცის წინსვლის ნიშანი უნდა იყოს, მაგრამ, მარქსისტული ტრადიციით რომ ვთქვათ, ზედნაშენი ყოველთვის საფუძვლით განისაზღვრება.

აღარ განვაგრძობ იმაზე საუბარს, რომ ქართულ საჯარო სივრცეში მოღვაწე ინდივიდთა უმრავლესობა იმ საუკუნის არაადეკვატურია, რომელშიც იმყოფება. ეს ბევრმა ვიცით, ამის გამო კიდევ უფრო მეტს ვწუწუნებთ. ამ წერილით აღნიშნული, სამწუხარო რეალობის მხოლოდ მორიგი გამოვლინება, უფრო ზუსტად კი მისი მცირე, მაგრამ საინტერესო დეტალი მინდა აღვნიშნო.
ოჰ, როგორი იმედი მქონდა, რომ ‘ბერლინის დაღის’ შესაპუდრად ტელესივრცეში შეტევაზე გადასული დავით გამყრელიძის კომიკურ გამოხდომას რომელიმე ჟურნალისტი გამოეხმაურებოდა და კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარებდა. მაინც რა თქვა გამყრელიძემ? აზრი ასეთია (სტენოგრამული წესით არ ღირს ნათქვამის გადმოცემა): კახა თარგამაძეს კი არა, მერაბიშვილსაც შევხვდები, როცა გადადგება, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ ფეისბუქზე მისი ფანკლუბია გახსნილი და მასში (რ2-ის) ჟურნალისტები არიან გაწევრიანებულები, სამარცხვინოაო.
თავისთავად, არაფერი განსაკუთრებული ამ განცხადებაში არ ყოფილა, პრიმიტიული დემაგოგიაა. უფრო სამწუხარო საინფორმაციო პორტალზე Amgebi.ge გამოქვეყნებული ანა გიორგაძის “გამოძიებაა”, რომელიც, თუ ინტუიცია არ მღალატობს, ხუმრობად არ უნდა მივიღო. იმის მაგივრად, რომ ჟურნალისტი საკითხით დაინტერესებულიყო და მცირე ანალიზით შეეწუხებინა თავი, “ახალი მემარჯვენეების” ლიდერის აღმოჩენას ბოლომდე მისდია და დააგვირგვინა კიდეც: თურმე, ნუ იტყვით და ექიმსა და მეწარმეს (მესამე ტიტული დამავიწყდა) სიმართლე უთქვამს. ნინო შუბლაძე, რუსუდან ვაშაკიძე, დავით პაიჭაძე, ოლეგ პანფილოვი, ეკა კვესიტაძე, ლევან რამიშვილი, თეა თუთბერიძე, “ორი ლეგენდარული ადამიანის” შვილები(?) - გიორგი გამსახურდია და დეგი დუდაევი, ასევე ლევან დუჩიძე და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა პიროვნებები მინისტრ ივანე მერაბიშვილის “პაკლონიკები” ყოფილან!
ჯერ ერთი, გაუგებარია, ეს ყურით მოთრეული “პაკლონიკი” სტილს ალამაზებს თუ ინტრიგას მატებს ინფორმაციას. თუმცა მთავარი ის არის, რომ მისი ორიგინალური შესატყვისის – “ფანისა” (fan) და ფეისბუქის ერთ-ერთი კომპონენტის – fanpage-ის გააზრების სირთულეს გამყრელიძე და მისი კომენტატორი ჟურნალისტი თანაბრად განიცდის. ქალბატონ გიორგაძეს იაფფასიანი სენსაციონიზმი და ზედაპირულობა რომ დაეძლია, მარტივად აღმოაჩენდა, რომ facebook-ზე (რომ აღარაფერი ვთქვათ საერთაშორისო ინგლისურ ენაში მის თანამედროვე, კონსიუმერისტულ სემანტიკაზე) “ფანის” მნიშვნელობა პირობითია და კონკრეტულ შემთხვევებში სხვა არაფერია, თუ არა, მაგალითად, რომელიმე პროდუქციის (ვთქვათ, ბელგიური შოკოლადის) სიყვარული, ან კვლევითი ორგანიზაციის (მაგალითად, Institute for War & Peace Reporting-ის) მოხსენებებით დაინტერესებული ადამიანის სტატუსი. მეტიც, აღნიშნულ სოციალურ ქსელში ფან-გვერდთა უმრავლესობას ირონიული დატვირთვა აქვს და, თუ გვერდი ხუმრობით არ გახსნილა, მასში ბევრი ან თავშესაქცევად და “საღადაოდ” ან სულაც თვალის მიდევნების ხათრით წევრიანდება (ტოესტ, წევრდება). ამიტომაცაა, რომ ე.წ. “ხერხემლის” “პატივისმცემელთა” რიგებში ისეთებიც აღმოვაჩინე, რომელთაც მისდამი იოტისოდენა სიმპატიაც არ გააჩნიათ. ეს ტენდენცია ქართველ მომხმარებელში განსაკუთრებით ძლიერია, რადგან Facebook-ის მსოფლიო ქსელში ნებისმიერი ქართული ელემენტის გამოჩენა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
რთული იყო ამის აღმოჩენა? არანაირად.
თუმცა ამ პირობითობის გათვალისწინება უმალ გამყრელიძეს ევალებოდა, ისიც, კეთილსინდისიერების შემთხვევაში. ამ თვალსაზრისით ჟურნალისტს ნაკლები აქვს სასაყვედურო: ბოლოს და ბოლოს, მერაბიშვილის ძირითადი მიმართულებებით გატარებული პოლიტიკის მხარდაჭერა ან სულაც ტოტალური “მომხრეობა” ბევრს მართლაც არ დაუმალავს (თუმცა, ბრიყვულად ყველასაც არ უნდა დააბრალოს არავინ), მინისტრს მაქებარი ხალხიც გამოუჩნდა. შეიძლება ითქვას, ჯინეტმა “არათავისუფალ” ქართულ მედია-სივრცეში დომინირებადი ოპოზიციური მონოდისკურსის მითი დაანგრია და გამოაშკარავა, რომ შეიძლება ვინმესთვის ძლიერი და ეფექტური მინისტრი უფრო მიმზიდველი იყოს, ვიდრე ხელმოცარულთა გუნდით წარმოდგენილი ალტერნატივა (აზრიცა და თავად დიქოტომიაც საკამათოა). თუ გამყრელიძისთვის ეს სახიფათო სიმპტომი აღმოჩნდა, ჟურნალისტმა ამაში ინტრიგა დაინახა და რატომღაც მიიჩნია, რომ სახელმწიფო მოხელის მხარდაჭერა ჟურნალისტს ობიექტურობის უნარს უსპობს (ეკა კვესიტაძესთან მიმართებაში მსგავსი ქვეტექსტი იყო, რაც არაკორექტულია და ალოგიკურია, მიუხედავად იმისა, რომ კვესიტაძეს მართლაც არ მივიჩნევ ობიექტურ ჟურნალისტად, რადგან არ ვიცი, მავანი “ობიექტურობაში” რას გულისხმობს) ან ამ ე.წ. “პაკლონიკობას” მალვა უნდა, ვით სიყვარულს. პირველი დებულების სულელურ საფუძველს მხილება არც სჭირდება; სამწუხარო ის არის, რომ მეორეზეც უნდა დავდუმდე და, გამყრელიძის შემთხვევისა არ იყოს, აქ ანა გიორგაძის ‘მსჯელობის’ კრიტიკასაც დავემშვიდობო, რადგან, შუა წერის პროცესში ყველაზე სასაცილო რამ აღმოვაჩინე… ნუ იტყვით და, გამყრელიძის კომიკური გამოსვლის შემდეგ, არა ერთ ცნობილ სახეს მერაბიშვილის “ფანთა” რიგები სასწრაფო წესით დაუტოვებია. ეს უკანასკნელი ამ მინისკანდალის კომიკურობის კვინტესენციაა.
დასკვნა:
1. როდესაც რაღაც საკითხზე წერ, საჭიროა კონტექსტს და მის სპეციფიკას გაეცნო;
2. შემდეგ ის რაციონალურად გაანალიზო და არა – სიბრიყვე განავრცო
3. ღია, რიტორიკული კითხვის სახით (რამაც წერა შემაწყვეტინა, რადგან ცალკე, სამერმისოდ განსახილველი საკითხია): რა უფრო სამწუხაროა სამოქალაქო საზოგადოებისთვის – უვიცი თუ მშიშარა ჟურნალისტი?
დანარჩენი ნი2-ნიუსისთვის მიმინდვია.



ბატონო ნოდარ, ასე მგონია ხოლმე რომ ტყულად წერთ… არაფერი ეშველებათ…
ფეისბუქზე Fan-page როდესაც კეთდება პოლიტიკოსისათვის, იქ სიტყვა “ფანი”, ‘პაკლონიკი” და ა.შ. იცვლება სიტყვით “მხარდამჭერი” (Supporter).
ეს ისე, ანა გიორგაძის სიყვარულში :დ
demagogias demagogia erTVis..
da uazrobaa es yvelaferi…
კარგია, მაგრამ სამწუხარო ისაა რომ ამდაგვარ სტატიებს საზოგადოების მხოლოდ უმცირესი ნაწილი ეცნობა და იზიარებს
საინტერესოა, კახა თარგამაძის ფანკლუბი რომ არსებობდეს და მასში რუსთავი2-ს ჟურნალისტებს აღმოეჩინათ აქუ ან მამუკა ღლონტი, დარწმუნებული ვარ კურიერის პირველი ნიუსი იქნებოდა.
ასე რომ, სანამ კონკრეტულად ვინმეს გადასწვდებოდეთ, სარკეში ჩაიხედეთ
ბატონო ჯონი, ეს ბლოგი რუსთავი-2-ს ან მის წარმომადგენელს არ ეკუთვნის
ისე კი გეთანხმებით, ალბათ ასე მოხდებოდა
თუმცა არ მომხდარა და პირიქით მოხდა, რაც ჰიპოთეზურ დაშვებაზე უფრო ლოგიკურია განხილვისთვის
და თქვენ პირადად გაამართლებდით კახა თარგამაძის ფან-კლუბში მოქმედი ჟურნალისტის, პოლიტიკოსის ხილვას?
გამოიწვევდა თუ არა ეს თქვენში, როგორც მოქალაქეში (და არა ხელისუფლების ან ოპოზიციის მხარდამჭერში) აგრესიას?
მე ვფიქრობ, რომ ის აგრესია, რომელიც გაჩნდა – ბუნებრივია, რაც არ უნდა ეწინააღმდეგოთ მას თანამედროვე ინტერნეტ სივრცის წესებით და ფანის მაგივრად მხარდამჭერი ეძახოთ, ან სარკასტული მიზნებით გახსნილი უწოდოთ ამ ფან-კლუბს ფაქტია, რომ ჟურნალისტები, რომლებიც იქ გაწევრიანდნენ იმედოვნებდნენ მაღალი ხელისუფალის კეთილგანწყობას, და სწორედ იმიტომ, რომ ეს გახმაურდა – გააუქმეს თავიანთი მხარდაჭერა, რადგან იცოდნენ – თავიანთი გაწევრიანების რეალური მიზეზი. ამდენად, ეს უკანასკნელი ფაქტი ადასტურებს გამყრელიძის დასკვნას. თორემ თავად გამყრელიძე (პირწიგნაკი რომ რეალურ სურათს ხატავდეს) გაწევრიანებული უნდა იყოს ბრეჟნევიდან დაწყებული – ობამათი დამთავრებული ყველა მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსის ფან კლუბში (ისევე, როგორც გიორგი თარგამაძე და ბევრი სხვა).
არ არის ნორმალური ჟურნალისტის შსს მინისტრის მხარდამჭერთა რიგებში ყოფნა, ჩემის აზრით (ალბათ ნაკლებ გარკვეული ვარ ინტერნეტ “წესრიგში”, თუმცა არ მგონია ასე იყოს).
გავიმეორებ: ფეისბუქის ფან-გვერდები პოლიტიკური შეფასებებისა და რიტორიკისთვის საეჭვო რესურსია. ის, რაც თქვენთვის მეორეხარისხოვანია, ჩემთვის რაციონალური კონტრარგუმენტია დემაგოგიისთვის, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რადგან შემოთავაზებულ ხედვას რომ გავყვე, როგორც მინიმუმ, შავკანიანი ლესბოსელი გამოვდივარ.
თუ ვინმემ დატოვა მხარდამჭერთა რიგები, გამყრელიძის მსჯელობას კი არ შველის, არამედ ადასტურებს იმას, რომ ზოგიეთს ექიმ-მეწარმესავით არ ესმის, რას აკეთებს, ან სინდისთან მწყრალადაა, ან სულაც მხდალია და ფარისეველია. დაპირისპირებულ სუბიექტთა საზიარო მახასიათებლები ვერც მორალურ სტანდარტებს შეცვლის, ვერც ამაზე აგებულ ლოგიკას.
ფეისბუქს რომ თავი გავანებოთ: იმაში კი ვერ დაგეთანხმებით, რომ არ არის ნორმალური ჟურნალისტისთვის შსს მინისტრის მხარდამჭერთა რიგებში ყოფნა, თუნდაც იმიტომ, რომ ამის არანორმალურობაზე ჯერ არაფერი მსმენია.
@ჯონი
მერე ვინ იცავს აქ მყოფთაგანი ან რუსთავი2-ს ?!?! და ან ხელისუფლებას?!
წავიდეს ერთი ორივე მხარე, სამივე თუ ათივე, აგრესიას იწვევს არაადეკვატური ხალხი, რა მნიშვნელობა, ოპიზიციონერი იქნება თუ პოზიციონერი.
პასუხი ვერ მივიღე უწყინარ კითხვაზე
და ზოგადად განსხვავებული (თუმცა არც ისე) აზრისადმი დამოკიდებულებაც კარგად ჩანს კომენტარების რეიტინგებში
და ამ ყველაფრის ფონზე გამყრელიძე რომ დემაგოგი “გამოდის” – ეს ამხელა სტატიად ღირდა დღევანდელი ღირებულებების საქართველოში…
მეეჭვება
ბედნიერად ბრძანდებოდეთ
ვიყავი და ვიქნები ვანიჩკას ფანი.:)
მტრების ჯინაზე:))