რასაც მხოლოდ სატირა და შარჟი აღარ შველის…
მოიცადეთ ახლა, მხოლოდ ვიდეო არაა, პატარა კომენტარიც წაიკითხეთ:
კაი, გავიცინეთ, ვიკაიფეთ. ვიღაც მიიჩნევს, რომ ამაზე ქირქილი მორალურად საეჭვო საქციელია. ვერ გავიზიარებ ასეთ უკონტექსტო მორალიზმს, ჰოდა ამაზე, – კონტექსტზედ, – ორიოდე სიტყვით:
საინტერესოა, რომ ეს ქალბატონი გადაცემაში ნახსენებ სტატისტიკას სულაც არ ეკამათება, უბრალოდ მის მნიშვნელობას არ აღიარებს და საკუთარ ზნეობრივ შეხედულებებს აწვება. კეთილი და პატიოსანი. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს. მაგრამ პრობლემაც ესაა – განა ყველას თავისი გზა აქვს? ხომ უნდა ჩაყონ ცხვირი, დაგარიგონ, გაგათახსირონ, შეგაჩვენონ?… არანორმალურობა ნორმად იქცა. საუბარი მორალურ შანტაჟზე არაა, ესეც მოსულა. ვინც გადაცემაში ამაზე სასაუბროდ მიდის, ამისთვის მზად უნდა იყოს.
მაგრამ საუბარი ამ გადაცემაში იმაზე იყო, ჰქონდა თუ არა უფლება “ნინია კაკაბაძეს”, სექსუალურ თავისუფლებაზე ესაუბრა. ტრადიციათა გასიჯნვა-გაკრიტიკება ამ მებრძოლი თეისტებისთვის უკვე საზოგადოების გარყვნის წინაპირობაა. ეს კრისტალური იდიოტიზმია. მეტიც, ეს შიშია.
არანორმალურობა აპრიორი ასეთი პრიორიტეტების მქონე ადამიანის არსებობა ან მათი საჯარო სივრცეში გამოჩენა (რასაც ითხოვნენ – გადაცემის ეთერი უნდა დაბალანსდესო) არაა, რომ არა უბიწოთა და კლერიკალთა ფუნდამენტალიზმი და სხვების შეზღუდვის რაფინირებული ფორმები (სატელეფონო ‘რეკომენდაციები’, ‘დამოუკიდებელი’ ჯგუფების გუნდური სტუმრობები და ა.შ. – შედეგად: გადაცემათა დახურვა, ღონისძიებათა ჩაშლა…)
სანამ ეს ქალბატონი სხვას უკრძალავს საკუთარი შეხედულებების გაზიარებას ეთერში (გაიხსენეთ, რას ეძღვნება ეს დისკუსია – ეს არის ‘მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” ლაშქრობა გადაცემაში “კედელი”), მანამდე ასაგდები იქნება და ავიგდებ კიდეც. თორემ ნორმალურ სიტუაციაში მისი დაცივნა გარკვეულწილად არაეთიკურიც იქნებოდა, ყველა შემთხვევაში – უსაფუძვლო ტინგიცობა მაინც.
ეთერი რომ აზრთა ურთიერთგაცვლასა და თუნდაც მწვავე დაპირისპირებას დათმობოდა, საზოგადოების თავისუფლების ნიშნებიც გაჩნდებოდა. ეს ეთერი კი დაეთმო საკითხს, რას არ დათმობოდა ეთერი. ‘კედლის’ ეს გამოშვება, – ძალიან ძვირფასი პრეცედენტი საჯარო სივრცეში აზრთა შეჯახებისა, საპირისპირო მიზანს მოემსახურა: გადაცემის დახურვის პრელუდიად იქცა! დაახლ. მსგავსი სიტუაცია იყო ‘საუკეთესო ქართველის’ შემთხვევაში, როდესაც უპასუხისმგებლო ბორდი პირდაპირ ეთერში დიალოგის სიმულაციით იყო დაკავებული.
ეს ფიასკოები სრულიად კონკრეტულ პიროვნებათა უტრაკობამდე დადის, საზოგადოების ჩამორჩენილობაზე წუწუნი ამის შემდეგ ფუჭი განზოგადება და პრობლემისგან გაქცევაა. შეიძლება ამის გამო ‘საზოგადოებრივი მაუწყებელი’ მართლაც ის სცენა იყოს, სადაც ქართულმა დემოკრატიამ საკუთარი თავი უნდა გამოსცადოს და მხოლოდ პარტიათა საბოგინო არ იყოს. შეიძლება სწორედ ამის გამოც არ ღირს ამ არხის ‘გაყიდვა’.
გადავცურავთ ზღვას?
დღეს ჰაინრიხ ბიოლის ფონდში საჯარო დებატები შედგა, სათაურით ‘გზა ევროპისკენ’: სახელმწიფო სტრატეგია და ქართული კულტურა’, რომელსაც ნინო დანელია მოდერირებდა. მომხსენებლები იყვნენ: დავით დარჩიაშვილი, დავით ზურაბიშვილი, ნიკოლოზ ლალიაშვილი და ზურაბ ქარუმიძე.
დარჩიაშვილმა დასაწყისში ძირითადად საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის სოციალურ და ეკონომიკურ ასპექტზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა ‘აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას’, რომელმაც ‘შეიძლება არსებული ქართული კანონმდებლობის კორექტირება მოახდინოს’. მოდერატორის მცდელობის შემდეგ, განხილვა თანდათან ‘ევროპულ სტანდარტებზე’, – მედიის დამოუკიდებლობაზე, სასამართლოზე, სეკულარიზაციაზე, – მსჯელობისკენ უნდა წასულიყო; თუმცა, სადაც სიტყვა ‘კულტურა’ მსჯელობის ცენტრალურ ცნებად ისაზღვრება (ეს სიტყვა უნდა აიკრძალოს!), იქ ალთასა და ბალთაზე საუბარი გარდაუვალია – ყურადღება გაიფანტა და ბოლოს ისაუბრეს ყველაფერზე და არაფერზე.
მიუხედავად ამისა, შეხვედრა მაინც საინტერესო გამოდგა. შევეცდები, ძირითადი გადმოვცე.
ნიკა ლალიაშვილმა 2003 წლიდან ფეხმოკიდებული ელიტიზმი და ხისტი რეფორმები გააკრიტიკა. მისი აზრით, შეცდომა იყო ქართული კულტურის (საზოგადოების?) ევროპიზაციისათვის მოუმზადებლობის ცალსახა დასკვნა ხელისუფლების მხიდან. თუმცა, მეორე მხრივ, პოლიტიკისა და ძალაუფლების თემასაც გაცდა და ქართული კულტურის ნაწილობრივ კარჩაკეტილობასაც შეეხო. ‘ტოლერანტობა იმპერიაში მყოფი სახელმწიფოს [საზოგადოების] მახასიათებელი იყო, დამოუკიდებლობის პირობებში მაშინვე მოხდა [მასზე] ზეწოლა’, – აღნიშნა მან.
დავით ზურაბიშვილმა მისთვის საყურადღებო ორი მომენტი გამოკვეთა: 1. მნიშვნელოვანია თავად ‘ევროპისა’ და ევროპელობის რაობის განსაზღვრა. მისთვის ეს არ არის მონოლითური, ერთგვაროვანი სივრცე; 2. მთავარი დასკვნა: ქართულ საზოგადოებას ‘კულტურული თვალსაზრისით არ გვაქვს სერიოზული პრობლემები’ ევროინტეგრაციასთან მიმართებაში.
ზურაბ ქარუმიძე დებატებში მონაწილეთა შორის ერთადერთი არაპოლიტიკოსი იყო. გამიხარდა, რომ მისი მსჯელობაც პირადი საქმიანობისა და სფეროს ადეკვატური იყო, ‘უცხო მოედანზე თამაში’ არ უცდია. ეს განსახილველი პრობლემის ბუნებამაც განაპირობა, – როგორც ზემოთ აღვნიშნე, დებატები მრავალი კუთხით შეიძლება გაშლილიყო. მწერლისთვის ევროპელობა, პირველ რიგში, ურბანული ცხოვრების ‘დიალოგურობაა’, – ღიაობა მრავალფეროვნებისა და ურთიერთგაცვლისადმი. საინტერესოდ მიმოიხილა დემოკრატიული ესთეტიკის გამონათებები’ ქართული კულტურის ისტორიაში, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამ იდეების სოციალურ და პოლიტიკურ ენაზე თარგმნა დღემდე ვერ მოხერხდა.
ქარუმიძემ იქვე გაიხსენა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული სოცილოგიური გამოკითხვის შედეგები (‘საქართველოს ქალაქური მოსახლეობა რელიგიური და პოლიტიკური საკითხების შესახებ’ pdf), სადაც, მისი თქმით, ‘ერთგვარი სინკრეტული მომენტი იკვეთება ქართულ მენტალობაში’: საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა საქმიანობის თავისუფლებასა და საკუთრების დაცვაზე (დაცულობაზე), ამავე დროს, უკანასკნელ წლებში, გაძლიერდა რელიგიური ნაციონალიზმი. დავით ზურაბიშვილისთვის, ისევე როგორც ნიკა ლალიაშვილისთვის ეს ცალსახა ნიშანია იმისა, რომ “ვარდების რევოლუციით” ხელისუფლებაში მოსული ჯგუფის პოლიტიკა არაადეკვატური და კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა.
ტებატებში განსაკუთრებით გამოიკვეთა ზურაბიშვილისა და დარჩიაშვილის ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები. რესპუბლიკური პარტიის წევრის აზრით, უსაფუძვლოა საუბარი ქართული საზოგადოების დემოკრატიზაციისადმი მზაობის არარსებობაზე, როდესაც ხელისუფლებამ ევროპისკენ ‘გაცურვის მაგივრად უკან გამოცურა’ და არსებითად არაფერი გააკეთა ამ მიმართულებით. საპასუხოდ, პარლამენტის წევრმა ხაზი გაუსვა “კორუფციის კულტურის” [ჩემი სიტყვებია] აღმოფხვრას. ამ თემაზე დებატები ბოლოს “ელიტურ კორუფციასა” და პოლიტიკური გადაწყვეტილებების გაუმჭირვალეობამდე მივიდა და ჩიხშიც პატიოსნად შეაბიჯა ფეხი (ასეც უნდა ყოფილიყო).
დასასრულისკენ, როდესაც აუდიტორიის კითხვების დრო დადგა, ყურადღებამ ლალიაშვილზე გადაინაცვლა. ერთმა სტუდენტმა (სამწუხაროდ, სახელის ჩანიშვნა ვერ მოვასწარი) ეჭვქვეშ დააყენა “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენლის მოსაზრება, რომ კულტურის სფეროში ზომიერებაა საჭირო და ხაზი “კულტურული რესურსების დეფიციტს” გაუსვა. არ ვიცი, რამდენად უპასუხა თავად კითხვას სტუმარმა, თუმცა ეს უკანასკნელი ზოგადი ფორმულით შემოიფარგლა: ფორმალური ინსტიტუტების გავლენა და ზოგჯერ ძალმომრეობაც არაფორმალურ ინსტიტუტებზე ყოველთვის წარუმატებლობით მთავრდებაო.
ბუნებრივია, ლალიაშვილს “ლორთქიფანიძის ჰომოფობიაც” გაუხსენეს (რა თქმა უნდა, ნინია კაკაბაძეს კითხვა იყო). ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ეს კანდიდატურა საპარლამენტო უმცირესობის კონსესუსის შედეგი იყო და მაინც და მაინც მისი პარტიის კანდიდატი არ ყოფილა (ეს რას გვეუბნება, ზუსტად არ ვიცი), თავად კი ჰომოფობი არ გახლავთ და უფრო “ჰომონეგატიურად” არის განწყობილი, – მხოლოდ ინტელექტუალური და ფილოსოფიური მოსაზრებების გამო; სექსუალურ უმცირესობათა ჩაგვრას კი არ მიესალმება (ეს უკვე პარტიის პოზიციც არის).
იყო საუბარი პრეზიდენტის ახირებაზე, შუშის სასახლეები წამოჭიმოს (გაუმჭირვალეობასთან დაკავშირებით), ასევე “ქრისტიან-დემოკრატების” ევროპელობა-არაევროპელობაზე (ქრისტიანობა – სახელმწიფო (? ზუსტად აღარ მახსოვს, როგორი კითხვა იყო) რელიგიად?) და ა.შ.
სასურველი იყო, აქსიოლოგიურ და სოციოლოგიურ საკითხზე უფრო მეტად ყოფილიყო ყურადღება გამახვილებული (მგონი ასე იყო დაგეგმილი). არ მომეწონა ასევე ის, რომ პირველად სიტყვის მიცემისას ლალიაშვილს მოდერატორი ხშირად არ უსმენდა (:P). განსაკუთრებით საწყენი იყო ის, რომ ევროპაში ინტეგრაცია, მეტიც – მისი გარდაუვალობა აქსიომად იქნა აღიარებული დებატებში და მოკრძალებული კითხვაც არ გაჩენილა ამასთან დაკავშირებით. არა მგონია, კარგი იყოს მეტწილად ერთგვაროვანი პოლიტისტებლიშმენტით შემოფარგლვა. მაგალითად, ვინმე რომ მოეწვიათ “ერეკლე მეორის საზოგადოებიდანაც“, ცუდი არ იქნებოდა. აზრთა სხვადასხვაობაც ხელისუფლება-ოპოზიციის შაბლონური შეფასებების ხაზს არ გაყვებოდა.
მოკლედ, გადავცურავთო, ასე მითხრეს. ზურაბიშვილმაც დამიდასტურა, თუმცა საიდან ეს უსაფუძვლო ოპტიმიზმი?
ეთნოწმენდის ორგანიზატორის ქებაში
საინტერესო მასალას წავაწყდი დღეს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მოძმე ორგანიზაციის საიტზე. წმ. მეფე დავით აღმაშებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირი მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ შემუშავებული მტრული გეგმების ჩაშლითა და “და ვინჩის კოდის” პოპულარიზაციით არ ყოფილა დაკავებული.
“წერილი მართლმადიდებელ სერბ ხალხს” (pfd) გაჯერებულია გლობალური კონსპირაციონალიზმით (“ანტიქრისტეში გლობალიზების მოსურნე მსოფლიო ძალები შეითქმნენ”…) და ანტივესტერნული ბოდვით (“ამერიკელი მედუქნეები და ღმერთდაკარგული ევროპელები”…), მინაწერში კი რატკო მლადიჩის ქება-დიდებაცაა. მას თურმე “ქრისტესმოძულე მსოფლიო დაეძებს, როგორც დამნაშავეს, და, მადლობა ღმერთს, რომ ვერ პოულობს. ბარაქალა სერბ ხალხს, რომელიც იფარავს რატკოსა და მისნაირ პატრიოტებს. ქართველებმა მაგალითი უნდა ავიღოთ მათგან. [ი]ლოცეთ რატკოსათვის!” (გვ. 2). ამას მოსდევს დაპირებული აპოლოგეტური სტატია მლადიჩზე, რომელიც გარდა იმისა, რომ გაურკვეველ “ცნობილ პოლიტოლოგებს” იმოწმებს, მიკიბვ-მოკიბვით საუბრობს “ცილისწამებაზე”.
ცილი კი საწამებელი არ უნდა ჰქონდეს ამ კაცს, ‘დამსახურებული მუშაკია’.
მკითხველს შევახსენებ, რომ ამ მართლმადიდებელი მრევლის მორალური ავტორიტეტი და უცხოელი იდეალი რატკო მლადიჩი სარაევოს ცნობილი ოთხწლიანი ალყის ერთ-ერთი “ავტორია”. მისი უშუალო ძალისხმევითა და ორგანიზებით დატრიალდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე ყველაზე მასობრივი სასაკლაო - სრებრენიცის ტრაგედია. სრებრენიცაში რამდენიმეათასიანი მშვიდობიანი მოსახლეობა – ბოსნიელი მუსლიმი ბიჭები და მამაკაცები დროის მოკლე მონაკვეთში გაანადგურეს.
მლადიჩს ამჟამად სამხედრო ტრიბუნალი ეძებს.
ვილოცოთ რატკოსთვის!
ლიბერტარიანული პოპ-იდეების ბასტარდიზაცია
ორიოდე თვის წინ ვწერდი, რომ პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალება არ არის მიზანშეწონილი და გამართლებული პრაქტიკა. 18 ნოემბერს “რეზონანსმა” გვამცნო, რომ “ვარდების რევოლუციის” მორიგ წლისთავზე დამკვიდრებული ტრადიციის გამეორებას ქვეყნის პირველი პირი აღარ ჩქარობს.
საინტერესოა, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად რეალურად უფრო გატარებული პოლიტიკის გარეგნული მხარე იცვლება: სავარაუდოდ, 23 ნოემბერს ტელეეკრანებით აღარ ვიხილავთ ციხიდან გამოსულ შეწყალებულ კრიმინალებსა და გახარებულ ოჯახის წევრებს. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მოტივაცია, პიარ-აქცია აღარ ჩაატაროს (სექტემბერში ცუდად მოუბრუნდათ), სასჯელაღსრულების პოლიტიკაზე გარკვეულწილად აისახა, – უფრო ფრთხილი მიდგომა მისასალმებელია. თუმცა, პოლიტიკის არსი და მისი მორალური მხარე უცვლელი რჩება, – დანაშაულის პატიების ექსკლუზიურ უფლებას უმაღლესი ხელისუფალი ამჯერად ამნისტიის სახით განახორციელებს და ნარკომანებს გაუნახევრებს სასჯელის ვადას (შესაბამისად, ყველა “თითო-თითოდ”, საკუთარი ვადის გასვლის შემდეგ, კამერების გარეშე დატოვებს კამერას).
ამრიგად, შეწყალების ან ამნისტიის ყოველწლიური, ციკლური წესით გამოცხადება ისევ ძველ ფილოსოფიად რჩება. ამ ლეგალიზებულ მავნებლობას მეორე საკითხი “კვეთს” წლევანდელ შემთხვევაში – ნარკომანიის დეკრიმინალიზაციის სავარაუდო პერსპექტივები.
რჩება შთაბეჭდილება, რომ სასამართლო სამართალწარმოებაზე უფრო მაღლა ფრენა, – თვითნებური გადაწყვეტილება, მსჯავრდებულს დანაშაული აპატიო და სასჯელისგან გაათავისუფლო, – მორიგ ჰუმანურ და პროგრესულ საქმესაც შეიძლება მოხმარდეს: “ნარკომანი დამნაშავე არაა” ხომ ლამის უმაღლეს ჭეშმარიტებად მიღებული კლიშეა, მიუხედავად საკითხის განხილვის კუთხისა თუ კონკრეტული შემთხვევისა. მე არ მაქვს ამაზე საბოლოო აზრი ჩამოყალიბებული, მაგრამ ამის საშუალება უნდა მომცენ. სად არის განხილვა, სად არის დებატები? ერთადერთი კომენტარი ჯონდი ბაღათურიასგან მოვისმინე და ისიც სისულელე იყო.
ჯიგრულად ჟღერს მიდგომაც: აი ვინც ავრცელებს (მაგალითად, უკიდურესად გაჭირვებული, უმუშევარი ადამიანი), ის დაისაჯოს, ხოლო ვინც მოიხმარს (ხშირად – ვისაც ყიდვის ტრაკი აქვს), იმას “საზოგადოებისგან ნუ გავრიყავთ”! ამ შემთხვევაში ნარკოტიკების პირადი მოხმარების მიზნით ფლობა მხოლოდ სოციალური ჯანდაცვის ზოგადი პრობლემა კი არ არის, არამედ ნარკოეკონომიკის ზენიტი და ნადირიც. ცოტათი რთულია, მოხმარებას საბაზრო მოთხოვნის საფუძვლად ვაღიარებდეთ და ამ დროს ყველა მომხმარებელს მუდმივად დაზარალებულ ან პირადი თავისუფლებით აღჭურვილ, უვნებელ ანგელოზად განვიხილავდეთ, რომელსაც პასუხისმგებლობა არ აკისრია.
შეიძლება ვცდები. აკი ვაღიარებ, საბოლოოდ აზრი არ მაქვს ჩამოყალიბებული, ბოლოს და ბოლოს, “მსუბუქი მოსაწევის” ლეგალიზაციის იდეა მეც მიზიდავს. მაგრამ როცა საპარლამენტო უმრავლესობა-უმცირესობა ძირითადად ერთ სისულელეს გაყჰივის ინდაურივით და მცირე დეტალებზე საქმიანი უთანხმოების და სამუშაო პროცესის სიმულირება მიდის, ზემოხსენებული უშინაარსო ლოზუნგებით მხოლოდ ლიბერტარიანული იდეების განაბიჭვრება ხდება.
ზემოთ სულაც არ მინდოდა იმის თქმა, რომ ეს ორი კანონდარღვევა (რეალიზაცია და პირადი მოხმარება) თანაზომადია, მით უმეტეს არც იმის, რომ მათი სიმძიმის განსაზღვრა სარკისებურად უნდა შევცვალოთ. უბრალოდ მიმაჩნია, რომ საკითხზე მსჯელობა ყოველთვის ტრაფარეტული ფრაზებით მიმდინარეობს და იმდენადაა მიბმული მოკლევადიან პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, რომ სამსჯელოდ და განსახილველად არავის სცალია. შესაბამისად, დრიგინ-დრიგინით გატანილი და მიღებული კანონპროექტები დიდწილად სოციალურად გაუმაგრებელია, მოსახლეობის ინფორმირებულობა მისი მიღების დროულობასა და მიზანშეწონილობაზე ნულოვანია, მერე კი გვიკვირს, კანონებს რატომ არ ვცემთ პატივს.
შესაბამისად, თითქოს კარგი ნაბიჯია, მაგრამ…
- ეს ამნისტია-შეწყალებობანა ისევ არალეგიტიმურ, ანტიდემოკრატიული თვითნებობად მიმაჩნია (გნებავთ საქართველოში და გნებავთ – ზაპადში);
- კანონპროექტი ისე გამოცხადდა რაღაც ლიბერალური პოლიტიკის პრელუდიად, თავად ამ სამერმისო პოლიტიკის არსის აღწერა ზემოთ გაკრიტიკებულ პრიმიტიულ რიტორიკას არ გასცდენია;
- და საერთოდ, ამნისტიის შესახებ კანონპროეტზე მიმდინარე მუშაობა მხოლოდ პირობითად შეიძლება ნარკომანიის დეკრიმინალიზაციას დავუკავშიროთ. დეკრიმინალიზაცია სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებში ცვლილებების შეტანა არ იქნებოდა? ახლა კი ისიც გაუგებარია, ამ “ერთხელ-გაპატიეთი” უქმდება თუ არა ნასამართლობა.
ასე რომ, ‘ამნისტიაზე’ კანონს დაამტკიცებენ, დანაშაულს რამდენიმე ათასს აპატიებენ, ოღონდ მიქარულს მიქარულად ჩაუთვლიან, მიქარვა მიქარვად კი კაი ხანი დარჩება კანონმდებლობაში (ვინ გაბედავს რეალურად დეკრიმინალიზაციაზე საუბარს?)… ამასობაში კი, საახალწლოდ, გოზინაყის მოახლოების დრო რომ დადგება, შეიძლება პატიმრები მაინც შეიწყალონ. აბა ვის ეცლება საიმისოდ, შეწყალებულთა სია და შეწყალების კომისიის მუშაობის გამართულობა არჩიოს, გოჭზე და ინდაურზე ვინ ირბინოს? დიდი-დიდი, 15-ში გაახსენდეს რომელიმე ოპოს უნიჭოდ დადგმული პიარის მხილება.
ბლიც-კომენტარი ბლოგროლის პრეზენტაციაზე
ეს კაცი ბლოგის განახლებას თუ არ აპირებს, ლექტორობას მაინც მიჰყოს ხელი.
მშვენიერი პრეზენტაცია შემოგვთავაზა დღეს როკომ, კისიმ და სვითიმ. ძირითადი ვიცოდი, მაგრამ ახალი რაღაცეებიც გავიგე blogrollის შესახებ. კიდევ უფრო მეტი და ჩემთვის გაცილებით საინტერესო სიახლე დაგეგმილ საქმეებს ეხებოდა (განსაკუთრებით ველი rss არხს!).
იდეაში, პრეზენტაცია უფრო სხვა კატეგორიის ხალხზე იყო გათვლილი – ინდივიდებზე, რომლებსაც მცირე რამ ან ჯერ სულაც არაფერი სმენიათ ბლოგზე, ქართულ ბლოგოსფეროზე ან თავად ‘ღია საზოგადოება – საქართველოს’ მიერ დაფინანსებულ ამ კონკრეტულ პროექტზე.
პროექტი კი ჯერ-ჯერობით ნამდვილად წარმატებული ჩანს. თუმცა ის ‘რგოლი’, რომელსაც ჯაჭვურად უნდა მიეწოდებინა საზოგადოებისთვის სიახლე ქართული ბლოგების აგრეგატორის დაბადებაზე, როგორც სხვა მნიშვნელოვან შემთხვევაში, ახლაც აკლდა ღონისძიებას. მე კი ამას წინათ მაინტერესებდა, სახელმწიფო უწყებებში დღიური ან გასული კვირის ინფორმაციის დამუშავებისას თუ ითვალისწინებენ ნიუ-მედია განზომილებას მეთქი.
არა უშავს, ყველაფერი იქნება თავის დროზე (ეს რუბრიკიდან “აღარ ვიწუწუნებ” – საკუთარი თავის წინაშე დადებული პირობა….). იმედია, მცირე ინფო მაინც დაიდება სადმე.
წუწუნის გარეშე ეფექტური დასასრული შეუძლებელია. ამიტომ წიგნს დავდებ, თემასთან ახლოსაა. ყველა ჟურნალისტს (მომავალ ჟურნალისტებს მაინც) ვურჩევ მის წაკითხვას (განს. მე-8 თავი). გადმოსაწერად შეუწკაპუნეთ ამ ლინყს (რა თქმა უნდა, წიგნის გავრცელებაზე საგანგებო უფლება მოპოვებული მაქვს და ვდებ თავად ავტორის ხვეწნა-მუდარის შემდეგ).
ეკლესიის ისტორიის რევიზიის დასაწყისი
‘ეკლესიასა’ და ხელისუფლებას შორის ძიძგილაობა (არსებული გარიგებების პარალელურად) გრძელდება და ამჯერად უკვე ნახევრად ღიად (ირიბად). სანამ საპატრიარქო 100 000 თბილისელი მოწამის საპატივსაცემოდ ხალხის დარაზმვით იყო დაკავებული, ამასობაში ტელეკომპანია “იმედზე” სანაიას საავტორო გადაცემა გამოაცხვეს, რომლის პირველი გამოშვება რუსეთის პატრიარქს კირილ გუნდიაევს დაეთმო. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს გამოშვება რეალურად მხოლოდ მისი საქართველოში შესაძლო ვიზიტის ამბავს არ უნდა დავუკავშიროთ. გადაცემაში გუნდიევის ბინძურ ბიოგრაფიაზე გაცილებით საინტერესო, ‘ფონის შემქნელი’ მიმოხილვა შემოგვთავაზეს – რუსეთის ეკლესიის ისტორიის სრულიად ახლებური, ნაკლებად პოპულარიზებული ვერსია, სადაც კომუნისტების მიერ “ეკლესიების ნგრევის” ნარატივი ქრონოლოგიურად ლოკალიზებულია და სტალინის რელიგიური პოლიტიკისგან არის გამიჯნული. ეს უკანასკნელი კი რუსული ეკლესიის ამჟამინდელ მემკვიდრეობაზე ყველაზე არსებითს გვეუბნება.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა – ჩვენი ეკლესიის ისტორიაღა როგორია, განსხვავებული? “სპეციალური რეპორტაჟის” პირველი გამოშვების მიზანიც, ალბათ, ძირითადად ამ კითხვის პროვოცირება იყო.

ინტერესთა კონფლიქტი?
“საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების შემსწავლელ კომისიას მისი შვილი, კონსტანტინე გამსახურდია უხელმძღვანელებს”, – გვატყობინებს გუშინდელი civil.ge. ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის საიტზეც გადავამოწმე: “საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე კონსტანტინე გამსახურდიას კანდიდატურას 96 მომხრე ერთსულოვნად დაეთანხმა” (პარლამენტის პლენარული სხდომა, 6 ნოემბერი).
გასაგებია, რომ კონსტანტინე უმცროსი ამ მომხიბლელ დაპირებას დათანხმდა და ამისთვის დახეული მანდატის აღდგენაც მოუწევს. მაგრამ საინტერესოა, არსებობს თუ არა კანონი, რომელიც აშკარა თანამდებობრივ შეუთავსებლობას გაითვალისწინებს. ცხადზე ცხადია, რომ გამოძიების მთავარი სუბიექტის შვილი “შესასწავლი საკითხების” წესიერად შესწავლას და პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებების დადგენის საქმეს საუკეთესოდ ვერ მოემსახურება.
მე ვერ აღმოვაჩინე კონკრეტული მუხლი, რომელიც ამ საკითხს უპასუხებდა.
რაც არ უნდა იყოს, კანონით რაც არ ირძალება, ის ზოგჯერ დასაშვებია, ზოგჯერ კი… მისი დაუშვებლობა საღი აზრის არსებობით არის გარანტირებული. იმჰო, რა თქმა უნდა…
P.S. ერთხელ პარლამენტში ექსკურსია მოგვიწყვეს სტუდენტებს. გიდმა გვკითხა, გინდათ ოდესმე დეპუტატები გახდეთ, ეს ხომ საამაყო საქმეაო. ღმერთმა დამიფაროს მეთქი, უტაქტოდ, გულწრფელად აღმომხდა. უცებ შევწუხდი, მაგრამ მომეჩვენა, რომ სულაც არ სწყენია.

სათქმელის ჩაგდება VS “აი რაშია საქმე!”
შსს პატრიარქზე ვიდეო–შარჟების დამზადება–გავრცელებას იძიებს, სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 ნოე.’09
კათოლიკოს პატრიარქის ილია II–ის „შეურაცხმყოფელი და უხამსი ვიდეორგოლების დამზადებისა და ინტერნეტით გავრცელების ფაქტზე“ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ „წინასწარი გამოძიება დაიწყო,“ – განაცხადა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
„გამოძიებამ დაადგინა, ორი პირი, რომლებმაც ვიდეორგოლების დამზადებასა და განთავსებაში მიიღეს მონაწილეობა. გამოძიება არ ასახელებს ამ პირების ვინაობას. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ერთი მათგანი თბილისის საშუალო სკოლის მოსწავლეა, მეორე კი სტუდენტი. ამოღებულია ფაქტობრივი მტკიცებულებები-ვიდეოფაილები და კომპიუტერები. ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი გარემოებების დასადგენად დაიკითხა თეა თუთბერიძეც,“ – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია რომ ამ ეტაპზე გამოძიება სხვა დეტალებს არ ახმაურებს.
გაურკვეველი რჩება თუ რის საფუძველზე მოხდა ვიდეო–რგოლების გავრცელებასთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიების დაწყება.
რაც აქამდე ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ცნობილი არის ის რომ სამართალდამცველები, თეა თუთბერიძის საჩივარის საფუძველზე, იკვლევდნენ მის Facebook–ის გვერდზე გაგზავნილ მუქარის შეტყობინებებს.
არის ეს მიკერძოებული? შეიძლება. არის პროფესიული სტანდარტების დაცვით გადმოცემული? არის. მოგვაწოდეს ინფორმაცია და დაურთეს აღნიშვნის სახით ინფორმაციის სიმწირე, – ის, რაც ბუნებრივ, კრიტიკულ კითხვას ბადებს (ნორმალურის გონებაში).
ნიუსების უმრავლესობა კი ინფორმაციის მიმღების ნაცვლად ასკვნის, თურმე “რაშია საქმე”.
P.S. თუმცა ძლიერი მხარეებიცა გვაქვს! მაგალითად, ჩვენთან კარგადაა განვითარებული საგამოძიებო ჟურნალისტიკა:
თქვენ გენაცვალეთ თქვენა სამივე წერტილში! უხხ
ტოლერანტული ინდოქტრინაცია
“…ადამიანური გამოცდილების რელიგიური ასპექტი უდავოდ ძალზე მნიშვნელოვანია ინტერკულტურული განათლებისათვის. იგი წარმოადგენს ინდივიდთა კულტურისა და იდენტობის განუყოფელ ნაწილს. რა თქმა უნდა ღირებულებები, რომელთაც ეფუძნება იდენტობა და მორალური პრინციპები, შესაძლოა, ასევე წარმოიშვას ფილოსოფიური, ჰუმანისტური ან აგნოსტიკური (სკეპტიკური) შეხედულებებისაგან. შესაბამისად, ინტერკულტურულ განათლებაში ტერმინი “რელიგიური განზომილება” გამოიყენება არა გარკვეული ტიპის რელიგიური სწავლების აღსანიშნავად, არამედ უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგების, მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპების წინ წამოწევას დემოკრატიულ კონტექსტში სოციალური სიმტკიცისა და მოქალაქეთა თანამონაწილეობის მხარდასაჭერად.
…ინტერკულტურული განათლების მიზანია პლურალისტურ საზოგადოებებში არსებული განსხვავებული მსოფლმხედველობების ასახვა. იგი ასახავს ბავშვების ფუნდამენტურ საგანმანათლებლო ინტერესებს. ეს ინტერესები მხოლოდ ზოგად კოგნიტურ განვითარებას და შესაძლებლობებს არ მოიცავს. ეს ინტერესები უკავშირდება ბავშვის უფლებას, იყოს სათანადოდ მომზადებული ცხოვრებისათვის როგორც მოქალაქე, რომელმაც სრულფასოვანი მონაწილეობა უნდა მიიღოს საზოგადოების ცხოვრებაში. ასეთი განათლებისათვის საჭიროა პირადი ავტონომიის, კრიტიკული აზროვნების, შემწყნარებლობის უნარის, მრავალფეროვნების მიმართ პატივისცემის და საზოგადოებისადმი მიკუთვნებულობის შეგრძნების ჩამოყალიბება. მან ასევე უნდა განავითაროს ნდობის გრძნობა, რომელიც მოქალაქეებს აერთიანებს მიუხედავად მათი მორალური და რელიგიური განსხვავებისა…”
რელიგიური მრავალფეროვნება და ინტერკულტურული განათლება: სახელმძღვანელო სკოლებისთვის, 2007, გვ. 22-23
ევროსაბჭოს ეგიდით გამოცემული ამ წიგნის შოვნა ძლივს მოვახერხე; როგორც მითხრეს, დატაცებაზეა. აგერ, თავადაც დარწმუნდით:
სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის განცხადება
გასულ დღეებში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია მოქალაქე თეა თუთბერიძის მიერ საკუთარ ინტერნეტ პროფილზე რამდენიმე ვიდეორგოლის გამოქვეყნების ფაქტმა.
ხოლო აღნიშნული ვიდეორგოლები საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან შეფასდა, როგორც მათი მრევლის ღირსებისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი.
ზოგადად მივიჩნევთ, რომ საზოგადოების რელიგიური გრძნობებით სპეკულირება და განსხვავებული რელიგიური შეხედულების მქონე პირთა ჯგუფებს შორის დაძაბულობის მიზანმიმართული პროვოცირება გაუმართლებელია, ვინაიდან იგი წარმოშობს ექსტრემიზმისა და დაპირისპირების გაღვივების საფრთხეს.
ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიის ქვაკუთხედს და სახელმწიფო (საზოგადოებასთან ერთად) უნდა იყოს მოწოდებული აღნიშნული თავისუფლების დასაცავად.
დაუშვებელია საზოგადო მოღვაწეთა კრიტიკისა და მათი პიროვნების საჯარო განხილვის შეზღუდვა მოსახლეობის უმრავლესობისათვის ამგვარი კრიტიკის მიუღებლობის მოტივით.
საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ კონკრეტული საჯარო ფიგურის შესახებ დამზადებული ვიდეორგოლის (სტატიის, ნახატის, ტრანსპარანტის თუ გამოხატვის სხვა ფორმის) შინაარსი შესაძლოა აღმაშფოთებელი იყოს მოსახლეობის ნაწილისათვის, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება არის ის სიკეთე, რითაც ვსარგებლობთ ყველა, ამ სახელმწიფოს მოქალაქენი, განურჩევლად ჩვენი რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებისა, სქესისა თუ ეროვნებისა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის სასამართლო აღნიშნავს:
“გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ არსებით საფუძველს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთ ძირითად პირობას. იგი მოიცავს არა მარტო იმ “ინფორმაციასა” და “მოსაზრებებს”, რომლებსაც ბევრი იზიარებს, ან გულგრილად ეკიდება, არამედ იმათაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, თავზარდამცემი ან შემაშფოთებელია სახელმწიფოს ან მოსახლეობის ნაწილისათვის.
ამგვარია მოთხოვნები პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ფართო თვალთახედვისა, რომელთა გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა”
Handyside v. United Kingdom, 7 December 1976, Application No. 5493/72, 1 EHRR 737, para. 49.
განსახილველ თემასთან დაკავშირებით ჩვენი ყურადღება მიიპყრო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებამ, სადაც აღნიშნულია, რომ “ჩვენ /ხელისუფლება/ ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ საშუალებას მივმართავთ რათა დავიცვათ მისი /პატრიარქის/ რეპუტაცია და არავის მივცეთ თავისუფლების პრინციპების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა”.
ქვემორე ხელისმომწერთა შეფასებით, მოცემული ციტატა სცილდება ხელისუფლებისა და ეკლესიის ურთიერთპატივისცემის დეკლარირებას და შეიცავს საკმაოდ დამაფიქრებელ გზავნილს საზოგადოებისადმი (ხელისუფლება არავის მისცემს შესაძლებლობას, გააკრიტიკოს ეკლესიის მეთაური).
ისევ ევროსასამართლოს განმარტებას მოვიშველიებთ:
“უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება სხვადასხვა სანქციის შიშით არ მოერიდოს საჯარო ინტერესის მქონე საკითხებზე აზრის გამოთქმას”
Barford v. Denmark, Application# 11508/85
თუკი ხელისუფლება მოქალაქეებს დაუშლის მისგან მხარდაჭერილ რელიგიურ ავტორიტეტებზე კრიტიკული აზრის გამოთქმას, ეს ნამდვილად არ წაადგება დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების განმტკიცებას ჩვენს ქვეყანაში, ვინაიდან წარმოშობს დახურული, ფუნდამენტალისტური საზოგადოებისკენ სწრაფვის საშიშროებას.
ამგვარი მიდგომა არ არის სასარგებლო არც ეკლესიის, როგორც ინსტიტუტისათვის, ვინაიდან არგუმენტირებული და კონსტრუქციული კრიტიკა (ხოლო ზოგჯერ მწვავე და აღმაშფოთებელიც კი), მხოლოდ დაეხმარება მას სისტემური თუ ინდივიდუალური პრობლემების უკეთ დანახვასა და გამოსწორებაში.
აქვე გვსურს მოვიტანოთ რამდენიმე ამონარიდი ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან საქმეზე Hustler Magazine v. Falwell, რომელიც შეეხებოდა ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებულ რელიგიური ავტორიტეტის კარიკატურებს.
“გამოხატვის თავისუფლების არსი მდგომარეობს საჯარო ინტერესის სფეროში არსებული იდეებისა და აზრების თავისუფალ გავრცელებაში”.
“ჩვენ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით დაკვირვებულები, რათა დავრწმუნდეთ, რომ ინდივიდუალური შეხედულებები და იდეები იყოს თავისუფალი სახელისუფლებო სანქციებისაგან”.
“ჯანსაღი დებატები, რაც მიმდინარეობს დემოკრატიულ საზოგადოებაში, მოიცავს კრიტიკას საჯარო ფიგურებისადმი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები მნიშვნელოვანი საზოგადო საკითხების გადაწყვეტაში”.
“პიროვნების სიტყვის თავისუფლება არ არის მხოლოდ ინდივიდუალური თავისუფლების ასპექტი, არამედ იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოებისათვის”.
განცხადებას ხელს აწერენ:
მიშა ამაშუკელი,
დავით ამირეჯიბი,
რუსიკო ამირეჯიბი,
ია ამირიძე,
ზაზა ასათიანი,
ეკა აღდგომელაშვილი,
მარი ახსიაშვილი,
ნატალია ბელქანია,
მერაბ ბენიძე,
ჯემალ ბეჟანიძე,
ნინო ბექიშვილი,
ზაზა ბიბილაშვილი,
ლევან ბიბილაშვილი,
ვანიკო ბოკერია,
მანანა ბოლქვაძე,
რეზო ბოჭორიშვილი,
ლაშა გაბელია,
ნატალია გამყრელიძე,
თორნიკე გეწაძე,
მალხაზ გვილავა,
ანდრო გიგაური,
ლაშა გოგიბერიძე,
ლაშა გოგოხია,
ნათია გულიაშვილი,
ზურაბ გურული,
მაგდა გურული,
თამარ გურჩიანი,
ქეთი გურჩიანი,
ანდრო დადიანი,
ირაკლი დათუნაშვილი,
ნინო დარსაველიძე,
ანა დოლიძე,
გიგა ზედანია,
მიშა თავხელიძე,
ნანა თედეევა,
დავით ივერიელი,
ინა ინარიძე,
ირმა ინარიძე,
ნინია კაკაბაძე,
ოთარ კახიძე,
რამაზ კიკნაძე,
გიორგი კევლიშვილი,
გიორგი კეკელიძე,
ეკა კვესიტაძე,
დეა კვიჟინაძე,
ლეილა კვირიკაშვილი,
ალექსანდრე კიზაკიანი,
არჩილ კიკვაძე,
ბასილ კობახიძე,
გვანცა კობერიძე,
მანანა კრიალაშვილი,
ნინო კუნჭულია,
ელენე ლადარია,
ანა ლაპიაშვილი,
გიორგი ლაფერაშვილი,
საბა ლეკვეიშვილი,
ქეთევან ლოგუა,
ნინო ლომაძე,
მაია მათეშვილი,
გიორგი მაისურაძე,
სოფო მაისურაძე,
ლევან მურთაზაშვილი,
ანა მანაგაძე,
ირაკლი მარგველაშვილი,
გიორგი მაჩიტიძე,
ბექა მგელაძე,
ალექსანდრე მესხი,
ბექა მინდიაშვილი,
ლიზი მოსემღვდლიშვილი,
ლევან ნადირაძე,
გიორგი ნაკაშიძე,
ნუგზარ პაპუაშვილი,
ლევან როსტომაშვილი,
პაატა საბელაშვილი,
მიხეილ სვანიძე,
ლეონ სუთიძე, ,
სოფო ტაბატაძე,
სალომე უგულავა,
ერეკლე ურუშაძე,
ია უძილაური,
მარიამ უძილაური,
ნიკა ქობულაძე,
ავთანდილ ქორიძე,
მარიამ ქორიძე,
ლანა ღვინჯილია,
შორენა შავერდაშვილი,
პაატა შამუგია,
ირაკლი შენგელია,
ლელა შენგელია,
გიორგი შუბითიძე,
ეკატერინე ჩაბრაძე,
ნანა ჩართოლანი,
კახაბერ ჩიხლაძე,
მამუკა ჩიხლაძე,
ვალერი ჩუთლაშვილი,
ქეთი ცინცაძე,
გიორგი ცხადაია,
ნინო ძანძავა,
ნინო წილოსანი,
გიორგი წულაძე,
რატი ჭკადუა,
სულხან ხალვაში,
რევაზ ხაჟომია,
დოდო ხარხელი,
თამარ ხვედელიძე,
შოთა ხინჩაგაშვილი,
ლექსო ხუბულავა,
ლევან ხუჯაძე,
თეა ჯავახიშვილი,
თემურ ჯალიაშვილი,
სიმონ ჯანაშია,
ზურა ჯაფარიძე,
ზურა ჯიშკარიანი,
აკაკი ჯობავა













უახლესი კომენტარები